logo
ENG



დროა ივანიშვილისა და "ბიზნესოლიგარქების" გარდა სახელმწიფო უწყებების სანქცირებას ითხოვს

12 ივნ 202212:41
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადება ღიად მოღალატეობრივია და ოპოზიცია საპასუხოდ მოქმედებას აპირებს.

მისი თქმით, გუშინ ბიძია ივანიშვილმა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის პირით ქვეყნის ინტერესებისადმი მოღალატეობრივი განცხადება გაავრცელა.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილისგან და რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება - ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ რომ ნელ-ნელა პროცესი რომელიც  მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე რომ ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება რომ  კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს - ევროპულ პერსპექტივას“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ამ პირობებში, ყველა პროდასავლურად განწყობილი მოქალაქე და ოპოზიციური პარტია ვალდებულია იმოქმედოს. მისი თქმით, ოპოზიციას შემუშავებული აქვს კონკრეტული გეგმა. 

დროას ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები პარტნიორებთან ერთად  2 საკითხზე: სანქციების დაწესებასა და ქართველი ხალხის ნების გამოხატვაზე იმუშავებენ.

ელენე ხოშტარიას თქმით სანქციები უნდა შეეხოთ:

1. ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ 5 "ბიზნესოლიგარქს" –ხოშტარიას თქმით, ივანიშვილის სანქცირება ევროპარლამენტის რეზოლუციით უკვე ოფიციალურად დადგა ევროკავშირის დღის წესრიგში. გარდა ამისა, დროა ივანიშვილთან დაკავშირებული 5 "ბიზნესოლიგარქის" სანქცირებასაც ითხოვს, რაზეც უკვე მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად.

2. სასამართლო კლანს - მიზანი სასამართლო სისტემაში კლანის დარღვევა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების განადგურებაა. ხოშტარიას თქმით, კონკრეტულ სიასა და ფაქტებს მიაწვდიან დასავლელ პარტნიორებს.

3. პროკურატურას - რომელიც დროას ლიდერის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტია. ხოშტარია აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც ადგენენ სიას პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტების სანქცირებისთვის

4. სუს-ს - რომელიც როგორც ძალადობის პოლიტიკური ინსტრუმენტი ასევე უნდა იყოს სანქცირებული

5. პოლიციას - რომელიც, ოპოზიციონერის თქმით, პოლიტიზებულია. სანქცირების მიზანი უწყების პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლება იქნება.

გარდა ამისა ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანი ევროპელი პარტნიორებისთვის ქართველი ხალხის ევროპისადმი სწრფვის ნების მტკიცედ და ხმამაღლა გაცნობაა.

მოძრაობა დროას ლიდერი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში ბრიუსელსა და ვაშინგტონში ვიზიტებს გეგმავენ, რათა დასავლელ პარტნიორებს სანქციების გეგმა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის ნება გააცნონ. 

 

close დახურვა